მიხეილ შაყულაშვილი: ამ ეტაპზე, სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ
“ამ ეტაპზე, სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმე არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ. ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება”,- ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში განუცხადა, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.
„მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც კონტროლი ამჟამად რუსებს აქვთ, უკანონო დაკავებისას იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო მეორეს კი, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის 109-ე მუხლი, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას და ასევე 143-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ჯგუფურად ძალადობით. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, მას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.
როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე, ნომერ პირველი საქმე სახელმწიფოსი, რა დროსაც ჩარეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები, არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ, ხოლო, ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.