ჩრდილოეთ ოსეთში წესრიგს ცხენოსანი პოლიციელები დაიცავენ
ჩრდილოეთ ოსეთში ცხენოსან პოლიციელთა ქვედანაყოფი შეიქმნა. ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციელები ქალაქში პატრულირებას ცხენებით დაიწყებენ და საზოგადოებრივ წესრიგს ამგვარად დაიცავენ, ისინი ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამძებრო სამუშაოებში, რადგან ცხენებს უამინდობის დროსაც შეუძლიათ მიუვალ ადგილებში გადაადგილება. ახალი ქვედანაყოფი ბესლანის ცხენსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე განლაგდება. პოლიციელებისთვის ბუდიონოვის და კარაჩაევის ჯიშის ცხენები შეიძინეს, რადგან ეს ჯიშები ამტანობით გამოირჩევა. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ცხენებს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ, რადგან ისინი დამჯერები უნდა იყვნენ და ქალაქში ხმაურის და ხალხის არ უნდა ეშინოდეთ. მალე ქვედანაყოფი, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ 25 მხედარია, გაორმაგდება.