გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა სტრასბურგში, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) მე-18 პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა ქალაქ სტრასბურგში, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) მე-18 პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

პროკურატურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი საპროკურორო საბჭოებთან დაკავშირებით, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრების პროექტი იყო, რომელიც სხდომაზე გამართული დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა. აღნიშნული პროექტი შეიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებს, ტრადიციებსა და კულტურებს შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, საპროკურორო საბჭოების სტატუსთან, შემადგენლობასთან, კომპეტენციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ პლენარული სხდომის მონაწილეებს საქართველოს პროკურატურაში არსებული საპროკურორო და კოლეგიური საკონსულტაციო საბჭოების ფუნქციების და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მოსაზრებები წარადგინა.

პლენარულ სხდომაზე ასევე ორი თემატური კვლევა დამტკიცდა, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პროკურატურის თვითმმართველობის ორგანოების შექმნის პრაქტიკას და პროკურატურის საქმიანობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს შეეხებოდა.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად არის ჩართული ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს თემატურ განხილვებში მონაწილეობას და წერილობით დოკუმენტებზე მოსაზრებების წარდგენას. კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ასევე, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები