ირაკლი ღარიბაშვილი ოკაცეს კანიონს ესტუმრა (ფოტოკოლაჟი)
მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი ხონში, სოფელ გორდში მდებარე ოკაცეს კანიონს ესტუმრა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაესწრო.
ეს არის მართლაც უნიკალური ადგილი, საოცარი ბუნება და სილამაზე. მივმართავ მოსახლეობას, აუცილებლად ეწვიონ ამ უნიკალურ ადგილს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ოკაცეს კანიონის დათვალირებისას.
პრემიერ–მინისტრს ოკაცეს კანიონის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის მინისტრმა მიაწოდა. ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, პროექტის რეალური განხორციელება 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, გაკეთდა 250 მ სიგრძისდაკიდული ბილიკი, 550 მ კანიონსა და ტყეზე გამავალი ბილიკი, 2150 მ საფეხმავლო ბილიკი, პანორამული გადმოსახედი მდ. ოკაცეს ხეობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა კანიონის შესასვლელთან მოწყობილი ინფრასტრუქტურა დათვალიერა. მისი განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, გაუჩნდება დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო, გაუმჯობესდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – გაიხსნება საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები, განვითარდება სხვა ტურისტული სერვისი, დასაქმდება მოსახლეობა.
მან მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს, ხოლო ტურისტებს ოკაცეს უნიკალური კანიონის დათვალირებისკენ მოუწოდა.
პრემიერ–მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ სამწუხარო ტენდენციას– ბუნებისადმი უდიერ მოპყრობას და განაცხადა, რომ გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმები გამკაცრდება.
„ხშირად ვხედავთ როგორაა დაბინძურებული საქართველოს ბუნება, როგორ ვექცევით და ვაჩანაგებთ მას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ სიმდიდრეს, რომელიც ბუნებამ უშურველად გამოიმეტა ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ აქ მოსული ადამიანები გაითვალისწინებენ ამას,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.