ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ინფორმაცია მოისმინა იმ რეფორმების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, რომლებსაც მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

კანონმდებლებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ეხებოდა: წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობას; სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესს; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობას და სამომავლო გეგმებს; სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირინე ჯავახაძემ დეტალურად ისაუბრა თითოეული მიმართულებით 2022-2023 წელს განხორციელებულ რეფორმაზე და სხვადასხვა უწყების საქმიანობაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელთა მიზანია მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა, მათი უზრუნველყოფა უსაფრთხო მედიკამენტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დროული და ხარისხიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდება და ა. შ.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, მთავრობამ 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების პირობები და გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია, მოსახლეობისთვის ინოვაციურ და ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. რეფერენტული ფასების ამოქმედების შედეგად, 3 ათასზე მეტ ძვირად ღირებულ მედიკამენტზე მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება.

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. შედეგად, მომხსენებლის განცხადებით, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საქმიანობაზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის სასწრაფო და რეფერალური დახმარების 342 ბრიგადა და 5 მოტომედიკოსი მუშაობს. გარდა ამისა, საქართველოს კურორტებზე სეზონური პერიოდის გათვალისწინებით, დამატებითი ბრიგადების განთავსება ხდება.

მომხსენებელმა 2022-2023 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან რამდენიმე აღნიშნა: განახლდა ავტოპარკი, გაიზარდა რეანიმობილების რაოდენობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლდა ცენტრის ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა, საზღვარგარეთ გადამზადდა ცენტრის პერსონალის ნაწილი, დაინერგა პარამედიკოსის ინსტიტუტი და მოტომედიკოსის სისტემა, გაიზარდა პერსონალის ანაზღაურება. 2024 წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზრდება.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მედიკამენტების ხარისხი წარმოადგენს და როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გასულ წელს, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP/GDP სტანდარტები დაინერგა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახდენს ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს და კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენა შედგა და კომიტეტი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მომავალშიც გააგრძელეს ზედამხედველობას ყველა იმ რეფორმაზე, რაც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარეობს.

„აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა საქართველოში მიმდინარე რეფერენტულ ფასებზე რეფორმა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნია. ამ საკითხმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის და მსოფლიო მასშტაბითაც. უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი შესყიდვები მიმდინარეობს იმუნოთერაპიის პრეპარატებზე და 40-45%-ით გაიაფდება ეს მედიკამენტები, რაც პრაქტიკულად ორჯერ მეტი რაოდენობის მედიკამენტების შესყიდვის საშუალებას მოგვცემს. ამგვარად, მიღწევები ბევრია ამ სფეროში, თუმცა გამოწვევებიც ბევრი გვაქვს, სხვადასხვა კუთხით მიმდინარეობს რეფორმები და ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები