შიში, რომელიც იზოლირებულ ღაზას სექტორში გამეფდა
ღაზას სექტორიდან, სადაც კავშირგაბმულობის ხაზები თითქმის ყველგან გამორთულია, ჟურნალისტისგან ხმოვანი შეტყობინება შემოვიდა.
შეტყობინების შუა ნაწილში, ფონურად, აფეთქების ხმა ისმის.
„ვითარება ძალიან სახიფათოა“, – ამბობს ის და განმარტავს, რომ ხალხის უმეტესობამ არც კი იცის, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს.
შაბათს გამოგზავნილმა WhatsApp-ის ხმოვანმა შეტყობინებამ ნათელი მოჰფინა იმ დღის მდგომარეობას ღაზას სექტორში და იმას, თუ როგორ უმკლავდებოდა მოსახლეობა ისრაელის საჰაერო თავდასხმებს და გაფართოებულ სახმელეთო ოპერაციას.
NetBlocks-ის ინტერნეტმონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა, რომ ანკლავში კავშირის წყვეტაა. ელექტროენერგიის გამორთვა ნიშნავდა იმას, რომ ხალხი ვერ დაუკავშირდებოდა თავის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ან სასწრაფო დახმარებასაც კი.
კვირას ტერიტორიაზე კავშირი აღდგა, მაგრამ შაბათს ხალხის უმრავლესობა ღაზას სექტორში კავშირის გარეშე დარჩა. WhatsApp-ის შეტყობინებებს ნაცრისფერი ნიშანი ჰქონდა, რაც ნიშნავდა გაგზავნილს, მაგრამ არა მიღებულ შეტყობინებას.
ხალხის ნაწილს ღაზას სექტორში უცხო ქვეყნის SIM-ბარათები ჰქონდათ, რომლებიც ისრაელის ან ეგვიპტის კავშირგაბმულობის ანძებს უკავშირდებოდნენ. BBC-მ ზოგიერთთან დაკავშირება მოახერხა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ჟურნალისტი, რომელიც იქ არსებულ ატმოსფეროს “დაძაბულსა და არეულს” უწოდებს.
„ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ არაფერი ხდება, ვინაიდან მათ არ აქვთ წვდომა განახლებულ ინფორმაციაზე. ისინი ერთგვარ სიმშვიდესაც გრძნობენ. სხვები კი ნერვიულობენ, ვინაიდან დაკარგეს კავშირი თავის ახლობლებთან“, – ამბობს ჟურნალისტი.
ღაზას ჩრდილოეთით BBC-მ სხვა ჟურნალისტებთანაც შეძლო კავშირზე გასვლა. ხანმოკლე საუბრისას, მამაკაცმა, რომელმაც არ ისურვა, რომ მისი სახელი გავრცელებულიყო, ღამით მომხდარს სასტიკი აფეთქება უწოდა.
„არ გვეგონა, თუ გათენებას ვნახავდი. ძლიერი დაბომბვები მიმდინარეობდა სამთავრობო ნაგებობებზე, ღია მინდვრებზე და სანაპიროზე“, – აცხადებს ის.
მომხდარის სრული მასშტაბები ამ დრომდე უცნობია. ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც შაბათს არის გადაღებული, ასახავს მასობრივ ნგრევას და ხალხს, რომელიც ცდილობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას.
„ჩვენ ადამიანებთან, რომლებიც დაშავდნენ, კავშირი დავკარგეთ. როდესაც სახლების დაბომბვა მიმდინარეობს, ვითარება მართლაც ძალიან მძიმდება, სატელეფონო და ინტერნეტკავშირის არ ქონის გამო. ყველაფერი ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს სამედიცინო დაწესებულებებსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებზე“, – ამბობს ფოტოგრაფი შებაბ იუნისი.
კითხვაზე, გაწყვიტა თუ არა ისრაელმა საკომუნიკაციო ხაზები ღაზას სექტორში, მარკ რეგევმა, ისრაელის მთავრობის უფროსმა მრჩეველმა, შაბათს BBC-ს განუცხადა, რომ ეს იყო „სტანდარტული ქცევა მტრის კომუნიკაციის შესაფერხებლად”. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და აშშ-იც ასე მოიქცა წინა კონფლიქტებში.
გაერომ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გათიშვამ მშვიდობიანი მოსახლეობა „სერიოზული რისკის“ წინაშე დააყენა.
„სასწრაფო დახმარების მანქანები და სამოქალაქო დაცვის ჯგუფები ვერ ახერხებენ დაჭრილების და ათასობით ადამიანის ნახვას, რომლებიც ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან“, – აცხადებს გაეროს უმაღლესი კომისარი ფოლკერ იურკი.
ხალხი ვერ იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება. ბევრი ჟურნალისტი ახლა ვეღარ ახერხებს ვითარების გაშუქებას. კვირას ღაზას სექტორის ნაწილმა კვლავ შეძლო გარე სამყაროსთან დაკავშირება.