გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ რეზოლუციაში „ჰამასი“ არ არის მოხსენიებული, როგორც ტერორისტული ჯგუფი.
იორდანიის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 14 ქვეყანა, მათ შორის აშშ, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, ფიჯი, გვატემალა, უნგრეთი, ისრაელი, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, პაპუა-ახალი გვინეა, პარაგვაი და ტონგა.
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 45-მა სახელმწიფომ.
რეზოლუცია მოიცავს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის თაობაზე.