დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ყოველგვარი დაუფიქრებელი განცხადება, აღრევა სახელების, ადგილების, გადანაცვლება რაღაც მოვლენების, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს
“ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, სახელებისა და ადგილების აღრევა, რაღაც მოვლენების გადანაცვლება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც სოფელ მლეთაში იმყოფებოდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჯაღმაიძემ აღნიშნა, გუშინ, მედიაში გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ რუსი სამხედროები ეკლესიასთან არიან მისულები, საპატრიარქოში კითხვები შევიდა.
„კითხვები შემოვიდა გუშინ. საქმე იმაშია, რომ 2009 წლიდან ეს სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმ. გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ, ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა. მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან, ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი. თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ასეთი შემთხვევები. ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად და როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები.
ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში. გუშინდელ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი. მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ ეს კადრები გადმოდის, მლეთის, ლომისის წმინდა გიორგის ტაძარზე, სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება რომელ ტაძარზეა ლაპარაკი, საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი, სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი.
წელსაც იყვნენ ჩვენი მომლოცველები, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძრები რამდენიმეა გორის რაიონში – სოფელი აძვი – წმ გიორგის ტაძარი, სოფელი ქერე – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი, ამიტომ, ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, აღრევა სახელების, ადგილების, გადანაცვლება რაღაც მოვლენების, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.