დავით მათიკაშვილი: ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი დემოკრატიულია
“პრეზიდენტის, რადიკალური ოპოზიციის თუ სხვა ძალების მხრიდან საკითხით მანიპულირება და მის წინააღმდეგ წასვლა ადასტურებს, რომ დიახ, რადიკალურ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი გააჩნიათ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი დემოკრატიულია.
“არა თუ კარვის დადგმა, გერმანიის ბუნდესტაგის შენობას ვერც კი მიუახლოვდებით, ხოლო ინგლისში, პარლამენტის შენობასთან გარკვეულ რადიუსზე მისვლის შემთხვევაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეიძლება ძალიან მკაცრი ზომები გამოიყენონ, ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი დემოკრატიულია და გამყარებულია პრაქტიკით, რომელიც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია.
კანონპროექტი პრევენციულად გამიზნულია იმ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, ვინც მიტინგებზე პროტესტს გამოთქვამს. პრეზიდენტის, რადიკალური ოპოზიციის თუ სხვა ძალების მხრიდან საკითხით მანიპულირება და მის წინააღმდეგ წასვლა ადასტურებს, რომ დიახ, რადიკალურ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი გააჩნიათ. ამ თემაზე სუს-ის უფროსის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი და სათანადოდ არგუმენტირებული პასუხი გაეცა. ყველაფერი დანარჩენი არის ინსინუაცია და სიტუაციის ისეთ რეჟიმში გადატანის მცდელობა, რასაც რეალურად ადგილი არა აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.