„მე გავიყვანე ჯარები“ ლუი მეთოთხმეტის პათოსიდანაა, როცა ადამიანს წარმოუდგენია, რომ თავად არის სახელმწიფო“ – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე

“ორი კვირაა, ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას – არ ვიცი, რა განზრახვები აქვს ქალბატონ სალომეს. რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება. ჩვენ მაინც დავამტკიცებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელ რამესთან გვაქვს საქმე. თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა იმსჯელა ბიუჯეტზე. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს სწორი უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენ გაგვიჩნდა დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტში, 500 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის სტიქიები, რაც გვქონდა მიმდინარე წელს, სხვა სოციალური პროგრამები, განხორციელდეს. ხალხი ელოდება ამას, პარლამენტში განვიხილეთ და მივიღეთ სწრაფად და ორი კვირაა ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას. არ ვიცი, ახლა რა უნდა მოხდეს, შიგნით რიცხვებია გაურკვეველი თუ რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომეს, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამას ელის, არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება. იმედია, პარლამენტის მოწოდების შემდეგ მაინც ხელს მოაწერს ამას. პრეზიდენტს არ ვიცი, რა განზრახვები აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება, ჩვენ მაინც დავამტკიცებთ მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ქალბატონი სალომე, რომ ხალხმა მიიღოს ეს დახმარებები,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი საკუთარ როლსა და პერსონაზე არასწორი პათოსით საუბრობს და მიიწერს ჯარების გაყვანას მაშინ, როცა ეს მთელი სახელმწიფოს მუშაობის შედეგი იყო.

„ზოგადად, ვფიქრობ, „მე გავიყვანე ჯარები“, ესეც ლუი მეთოთხმეტის პათოსიდანაა, როცა წარმოდგენაა ასეთი, რომ ადამიანი თავად არის სახელმწიფო. ამ ქვეყანას ბევრი გამორჩეული ადამიანი ჰყოლია, რომელსაც ინდივიდუალურად ბევრი რამ გაუკეთებია, მაგრამ ისინი თავად კი არ აფასებდნენ თავის თავს, ისტორია აფასებდა შემდგომ. როცა ადამიანი თავის თავს აწერს იმ პროცესს, რომელიც 10 წელზე მეტი გრძელდებოდა, ჩართულნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, დიპლომატები, ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ერთი ადამიანი ცდილობს მიიწეროს, მთელი სახელმწიფოს მუშაობა, ეს არასწორია და კიდევ ერთხელ აჩვენებს არასწორ პათოსს, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს საკუთარ პერსონაზე და მის როლზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები