ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც აგენტს – დღეს ზურაბიშვილს გვიცხადებს ყველაზე პროევროპელ ლიდერად ქართულ პოლიტიკაში
“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავის დროზე პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც აგენტს, რეზიდენტსა და ჯაშუშს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ზურაბიშვილს პროევროპულ ლიდერად აცხადებენ.
„მოგეხსენებათ, ეს სტატუსი არ იცვლება – თუ ვინმე იყო ჯაშუში, აგენტი და რეზიდენტი ის ყოველთვის რჩება ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად. თუმცა დღეს, სწორედ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილი გვიცხადებს ყველაზე პროევროპელ ლიდერად ქართულ პოლიტიკაში. აქ ჩანს, სადამდეა მისული ეს ალიანსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.