ღაზას ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, უამრავი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება.
„ახალი სამხედრო დანაშაული, ღაზის ცენტრში მდებარე „ალ-აჰლი არაბის“ საავადმყოფოს დაბომბვისას. დაბომბვის შედეგად ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსში ათობით დაშავებული მივიდა. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ასობით პაციენტი, დაჭრილი და ავიადარტყმების გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანი იყო განთავსებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.