„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა NBC News-თან განაცხადა, რომ დაჯგუფება მზადაა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მძევალი, მათ შორის უცხოელი და ისრაელელი, თუ ისრაელი ღაზაზე საჰაერო თავდასხმებს შეწყვეტს.
პალესტინური დაჯგუფების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მძევლები შეიძლება ერთ საათში გაათავისუფლონ, თუ ისრაელი მათ პირობებს შეასრულებს.
მანვე დასძინა, რომ ახლა სექტორში მძევლების გათავისუფლებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის.
ამასთან, მძევლად მყოფი ისრაელელი ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ, „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისრაელმა ქვეყნის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელი უნდა გაათავისუფლოს.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უკვე იციან მათი პირობები მშვიდობიანი მძევლების გათავისუფლების შესახებ, რადგან მებრძოლმა ჯგუფმა ისინი რამდენიმე არაბული ქვეყნის ლიდერებთან საუბრისას უკვე გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.