რა ამოცანები დაუსახა პრემიერმა სამინისტროებს უელსის სამიტამდე
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ოპტიმისტური გათვლებით, ნატო-საქართველოს პაკეტის ძირითადი პარამეტრების იმპლემენტაცია მომავალ წელს დაიწყება. როგორც ალასანიამ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ნატოს უელსის სამიტამდე სამინისტროებს სამი ძირითადი ამოცანა დაუსახა, რომლებიც შესრულდა
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც სამიტისთვის ვემზადებოდით, იმ სამინისტოებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ სამიტის მომზადებაში, სამი ძირითადი ამოცანა დაუსახა. პირველი – აღნიშნულიყო მაქსიმალურად ბევრჯერ და პირდაპირი მიბმა ყოფილიყო საქართველოს მიღწევების გაწევრიანების გადასადგმელ ნაბიჯებთან, მეორე – რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გამოყოფილად ცალკე თავად შესულიყო დოკუმენტში და მესამე – ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მაქსიმალური ძალისხმევა ჩაგვედო იმაში, რომ აღნიშნულიყო რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გასულიყო საქართველოს ტერიტორიიდან.
ყველა პარამეტრი, რაც მთავრობის წინაშე დააყენა პრემიერ-მინისტრმა, იყო შესრულებული. აქედან გამომდინარე, სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი შესაძლებლობა არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და არც თავდაცვის სამინისტროს არ გაუშვია ხელიდან. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი მივიღეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ იყო გაფართოების სამიტი. საქართველომ რომ ასეთი შედეგი მიიღო, ის, რომ ასეთი აქცენტი იქნა გაკეთებული ჩვენს დაახლოებაზე ნატოსთან, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე გახდა განუყოფელი ნაწილი ევროატლანტიკური სივრცის”, – აღნიშნა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობა დადგეს.