ნიკოლა ფლამელი – ბუკინისტობიდან ალქიმიკოსობამდე
22 წლის ნიკოლა ფლამელმა ქვრივი პარნელი რომ შეირთო, ღარიბი ბუკინისტი იყო. ფლამელი იმ დროის მოდას იყო აყოლილი და ალქიმია და საიდუმლო ცოდნა ძალიან იტაცებდა.
გადმოცემის მიხედვით, ერთხელ ფლამელს ხილვა ჰქონდა – თითქოს, ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ მას ხელში ჩაუვარდებოდა წიგნი, რომლის 3/4-ის გაშიფვრის შემთხვევაში, ნიკოლა უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა, რადგან რკინის ოქროდ გადაქცევის ფორმულას აღმოაჩენდა. კიდევ უფრო მეტის გაშიფვრას თუ შეძლებდა, თავად გახდებოდა ეს ფორმულა და მარადჟამ იცოცხლებდა.
მეორე დღეს, მაღაზიაში კაცი შევიდა და რამდენიმე გროშად “აბრამ ურიას” წიგნი დატოვა. ფლამელმა რამდენიმე გვერდი გადაიკითხა და მიხვდა, რომ სწორედ ის წიგნი ჩაუვარდა ხელში, ანგელოზმა რომ მიუთითა.
21 წელი არ დასჭირდა ფლამელს წიგნის ამოსახსნელად. 21 წელი მოგზაურობდა, მოიარა იერუსალიმი, ეგვიპტე, დაბრუნდა ევროპაში და იცხოვრა გრანადაში, სადაც ემიგრირებულ კაბალისტ ებრაელებს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ შედეგი – ნული.
საბოლოოდ, ფლამელმა შინ დაბრუნება გადაწყვიტა. ერთ-ერთ ქალაქში, ფუნდუკში გაჩერებულ ნიკოლას მაგიდასთან ფრანგი ვაჭარი ჩამოჯდა. კაცი მოლაპარაკე აღმოჩნდა. როდესაც სიტყვაძუნწი ფლამელისგან გაიგო, რისთვის დაეხეტებოდა კაცი, მხიარულად მიაძახა “ვიცნობ ერთ კაცს, აქ, ლეონში (ესპანეთი) ცხოვრობს, მისი სახელია კანჩესი და ის უდიდესი კაბალისტია”.
ფლამელს ეს სახელი გაეგო. სწორედ მას ახსენედბნენ ყველგან, სადაც კი წიგნზე ჩამოაგდებდა სიტყვას. ახლა, კი ბედისწერამ თითქოს თვითონ მიიყვანა ამ ადამიანთან.
როდესაც კანჩესმა წიგნის შესახებ შეიტყო, უცნაურად ანერვიულდა. თქვა, რომ მთელი ცხოვრება ეძებდა ამ ნაშრომს და აღარც სჯეროდა, რომ ის არსებობდა. მან ჰქონდა გამოცხადება და მინიშნება, როგორ გაეშიფრა წიგნი, მაგრამ არ ჰქონდა თავად ტექსტი, ახლა კი ყველაფერი დალაგდა თითქოს.
და 2 კაცი საფრანგეთის გზას გაუდგა (მაშინდელი კანონებით, საფრანგეთში შესვლა ეკრძალებოდათ ებრაელებს და კანჩესმა, “უფრო დიდი სიკეთისთვის”, რწმენა შეიცვალა და მოინათლა).
მოხდა ისე, რომ პარიზში მხოლოდ ფლამელი შევიდა, კანჩესი გზაში გარდაიცვალა.
ფლამელი კი ისე უცბად გამდიდრდა, რომ ლეგენდა “პარიზელ ბუკინისტზე” 1 წელში მოედო მთელ ევროპას.
ფლამელი 83 წლისა გარდაიცვალა და მის მიერვე აშენებულ Saint-Jacques-de-la-Boucherie-ში დაკრძალეს. რამდენიმე წელიწადში ევროპის სხვადასხვა ნაწილში ვრცელდებოდა ხმა, რომ ძალიან სპეციფიკური გარეგნობის ფლამელი ხან აქ, ხანაც იქ დაინახეს.ნიკოლა ფლამელის ინდოეთში გამოჩენაზეც არაერთი ხმა გავრცელდა.
ამ უცნაურად გამდიდრებული ადამიანის შთაგონებით არაერთი ტექსტი დაიწერა (გრაფი “მონტე კრისტოდან” დაწყებული, დამთავრებული “და ვინჩის კოდითა” და “ჰარი პოტერით”), არაერთი დაიწერება მომავალშიც.
მანამდე კი, “აბრაამ ურიას” წიგნი ამაზონზე 16 დოლარი ღირს და საიტის მფლობელი ყოველდღე უფრო და უფრო მდიდრდება.
კაცმა არ იცის, როგორ გამდიდრდა ფლამელი, ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოცანაა მსოფლიოსთვის. როგორც ყველა ავტორს, მეც მაქვს ჩემი ვარაუდი, მაგრამ ამ ფანტასტიკურ ისტორიასთან ის მოსატანიც არაა.
გურამ მეგრელიშვილი