“ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი არცერთი სახელმწიფო ან ორგანიზაცია არ უნდა ეცადოს ესკალაციის გაზრდას“ – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის რამდენიმე ქვეყანა ისრაელს დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ მან ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ისრაელის თავდაცვის მინისტრიც მონაწილეობდა.
„დღეს რამდენიმე მოკავშირემ განაცხადა, რომ ისინი პრაქტიკულ დახმარებას უწევენ ისრაელს და ყველაფერს აკეთებენ დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად“, – თქვა სტოლტენბერგმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
მან აღნიშნა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს და, ამავდროულად, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე ზრუნვა.
“მოკავშირეებმაც მკაფიოდ ისაუბრეს ამაზე. არსებობს ომის წესები, არსებობს პროპორციულობის კონცეფცია. ბევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გმობს სისასტიკეს, რომელზეც პასუხისმგებელია “ჰამასი”. ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი არცერთი სახელმწიფო ან ორგანიზაცია არ უნდა ეცადოს, ისარგებლოს სიტუაციით და ესკალაცია გაზარდოს“, – თქვა გენერალურმა მდივანმა და დაამატა, რომ გულისხმობს “ჰეზბოლას” და ირანს.