პრემიერი: წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში

წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების რეფორმის მთავარი ამოცანა არის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე.

„დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას, ბატონო ელჩო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა მოვისმინოთ მინისტრისგან პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა არა ერთი განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ზოგადად თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება, იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების რეფორმის არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე განათლების სისტემის.

იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაციაში, მშენებლობაში. ეს პროცესი დაწყებულია უკვე დაახლოებით ამის ნახევარი, 400 სკოლის კონტრაქტები არის გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული.

ასეთივე მდგომარეობა არის ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც, რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ ზოგადად პროფესიული განათლების ბიუჯეტი- გავაოთხმაგეთ და მინდა გითხრათ რომ, დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო პროფესიული კოლეჯი არის შექმნილი, სახელმწიფო კოლეჯი არის შექმნილი, 40-ამდე ლოკაცია არის გამოყოფილი თავის ფილიალების ჩათვლით, მე ვგულისხმობ, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები