გაეროს გენერალური მდივანი „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმებს აკრიტიკებს და ტერორისტულ დაჯგუფებას მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
გუტერეშმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები დაგმო და დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.
„ვაღიარებ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ წყენას, მაგრამ ვერაფერი გაამართლებს ამ ტერორისტულ აქტებს და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, დასახიჩრებას და გატაცებას.
მე ვუმეორებ ჩემს მოწოდებას „ჰამასს“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გუტერეშის თქმით, ის „ღრმად შეშფოთებულია“ პალესტინის მხრიდან დაღუპულთა რიცხვითაც, რომელშიც ბევრი ქალი და ბავშვია.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ ისრაელის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების შესახებ, მე ასევე ვახსენებ ისრაელს, რომ სამხედრო ოპერაციები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მკაცრი დაცვით.
ძალიან შეწუხებული ვარ დღევანდელი განცხადებით, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას დაიწყებს და დატოვებს ელექტროენერგიის, საკვებისა და საწვავის გარეშე. ეს დაუშვებელია“, – დასძინა მან.