ComCom-მა „მედიის გასაღების“ ფარგლებში, ბავშვებისა და მშობლებისთვის კინოჩვენება გამართა
კომუნიკაციების კომისიამ, „მედიის გასაღების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას ისახავს, „მზიურში“ კინოჩვენება და დისკუსია გამართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მათი მშობლებიც ესწრებოდნენ. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, „ზოლემიას” კინოჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია თემაზე “ფილმები, როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარების ინსტრუმენტი”, რომელსაც რეჟისორი ნანა სამანიშვილი, პროდიუსერი და მკვლევარი ქეთევან ჯანელიძე, კინომცოდნე ნენო ქავთარაძე და ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა უძღვებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში, განხილული იყო ფილმის შინაარსი, მშობლის როლი, ანიმაციის გავლენა მოზარდების ფსიქოლოგიაზე, ფილმების ასაკთან შესაბამისობა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები.
შეგახსენებთ, რომ „მედიის გასაღები“ ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ფილმების შესახებ პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ შემუშავებული ინფორმაციაა განთავსებული. პლატფორმა ხელს უწყობს მოზარდებს, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, გააანალიზონ ფილმის შინაარსი, ასევე, შეაფასონ მთავარი სათქმელი და მედია პროდუქტის არსი. პროექტი აღიარებულია ევროკომისიის მიერ. „მედიის გასაღების“ ფილმების მონახულება https://mediatsigniereba.ge/mediisgasagebi -ზე, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.