პაატა კვიჟინაძე: ეკონომიკის ზრდის მაღალმა ტემპმა შესაძლებლობა მოგვცა, საბიუჯეტო შემოსავლები გაგვეზარდა
ეკონომიკის ზრდის მაღალმა ტემპმა შესაძლებლობა მოგვცა, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები გაზრდილიყო 835 მილიონი ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 620 მილიონი ლარით. თავდაპირველად, ბიუჯეტი რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო კონსერვატიულად დაიგეგმა. ახლა ამ ცვლილებებით, რაც მთავარია ყველა საბიუჯეტო პარამეტრი ნორმაშია, მათ შორის, დეფიციტი, ინფლაცია, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით. მცირდება ახალი ვალების აღება 363 მილიონი ლარით, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.
თანამომხსენებელმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზეც.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 65 მილიონი ლარი.
„საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა წლის დასაწყისიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში, გაიზარდა თითქმის 86 ათასით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, რომლის 90% კერძო სექტორშია“, -განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
დღეს პარლამენტის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.