Reuters: ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსება შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ რუსეთი აფართოებს სამხედრო ყოფნას შავი ზღვის სანაპიროზე თურქეთისკენ
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის ბაზირების პუნქტის გახსნის შესახებ ასლან ბჟანიას მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას Reuters-ი ეხმიანება.
გამოცემა იხსენებს, რომ რუსეთმა “აფხაზეთი და კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი – სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წელს მას შემდეგ ცნო, რაც რუსეთის ჯარებმა საქართველოს მცდელობა, დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი, მოიგერიეს. ხუთდღიანი ომი 2008 წლის 12 აგვისტოს დასრულდა”.
Reuters-ი წერს, რომ მაშინ დასავლეთმა რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ანექსიაში დაადანაშაულა და როდესაც 2009 წელს დაიწყო საუბრები ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ, ნატომ შეშფოთება გამოთქვა.
“ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაცია, სადაც მანამდე საბჭოთა კავშირის ბაზა იყო, შეიძლება, მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთი სევასტოპოლისთვის ალტერნატივას ეძებს, ასევე, აფართოებს სამხედრო ყოფნას შავი ზღვის სანაპიროზე თურქეთისკენ”,- წერს გამოცემა.