“გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ რუსული მხარის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში” – ბჟანია პუტინთან შეხვედრაზე
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ბოლო დროს “აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს დამატებითი ბიძგი მიეცა, მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოთა პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში”.
ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებისას თქვა, რომელიც სოჭში 4 ოქტომბერს გვიან ღამით გაიმართა.
ბჟანიამ პუტინს “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის” მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვინდა და მივყვებით იმ შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენს ფუნდამენტურ დოკუმენტებშია გაწერილი. ჩვენ გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ რუსული მხარის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში, რადგან ეს შეესაბამება აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – თქვა ბჟანიამ.
შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.