“აფხაზეთთან ურთიერთობას რუსეთის 64 რეგიონი ინარჩუნებს, 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს” – პუტინი ბჟანიასთან შეხვედრაზე
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ვითარება პოზიტიურად გრძელდება, გაზრდილია ტვირთბრუნვა.
ამის შესახებ მან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან სოჭში 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე თქვა.
შეხვედრის დასაწყისში კრემლის ლიდერმა ბჟანიას ე.წ. დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღე მიულოცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს აღინიშნებოდა
„საუბრის დასაწყისში მინდა, აღვნიშნო, რომ საერთო მდგომარეობა კარგად ვითარდება. გასული წლის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 73 პროცენტით გაიზარდა. რუსეთის ფედერაციის 64 რეგიონი ინარჩუნებს ურთიერთობას აფხაზეთთან სრულიად განსხვავებულ სფეროებში. 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს და ვიმედოვნებ, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ვითარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია რუსეთში მუშაობის ეკონომიკურ პირობებთან, სოციალურ პირობებთან ადაპტაციასთან, ვითარდება ჩვენი ერთობლივი პროგრამა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებისთვის. ალბათ არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამატებით განხილვას და ჩვენ ამით, თქვენთან ერთად, დავკავდებით”,- თქვა მან.