ანრი ოხანაშვილი: ჩვენ, პარლამენტის წევრები არგუმენტებით ვართ შეიარაღებულნი და ამას საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ვაჟღერებთ
“ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ არგუმენტებით შეიარაღებულნი და ამას საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ვაჟღერებთ და მტკიცებულებებით ვამყარებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლის პოზიცია რომ უსუსურია, საზოგადოება ძალიან მალე ნახავს.
„არგუმენტები და მტკიცებულებები იმდენად ცალსახა და ცხადია, რომ ეს საკითხი პრაქტიკულად სადავო არ ხდება. ახლა უკვე სხვა საკითხები აინტერესებთ, კომუნიკაცია ტელეფონით, ზარი მასთან, განცხადება არის თუ არა ასევე კონსტიტუციის დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებითაც და ნახეთ თქვენ, რომ ამომწურავი პასუხები ჰქონდა ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით და პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლის პოზიცია რომ უსუსურია ძალიან მალე ნახავთ, როდესაც ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ გასცემენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.