“არ იზღუდება დროებითი კონსტრუქციის დადგმა, თუკი ის საფრთხეს არ უქმნის მანიფესტაციას და მის მონაწილეებს” – გივი მიქანაძე

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განმარტა, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ეხება თუ არა სცენისა და სხვა კონსტრუქციის დადგმას.

„ამ ცვლილებებით არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება დროებითი კონსტრუქციის დადგმა, თუკი ის არ ექვემდებარება იმ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რაც საფრთხეს უქმნის მანიფესტაციას, მანიფესტაციის მონაწილეებს და იმ პირობების გათვალისწინებას, რომელიც სწორედ მე-11 მუხლის პუნქტთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ამ პირობების დადგომის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ინდივიდუალურად აფასებენ კონკრეტულ შემთხვევას და აქციის ორგანიზატორს თუ დროებითი კონსტრუქციის დამდგმელს მოუწოდებენ, მოახდინოს გონივრულ ვადაში იმ კონსტრუქციის დემონტაჟი, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის. ამიტომ, სრულიად ფუჭი მცდელობაა, თქვენ ეს წარმოადგინოთ თითქოს დროებითი კონსტრუქციები, რომელსაც თქვენ მხოლოდ და მხოლოდ კარვის რეჟიმში ცდილობთ გადაიტანოთ.

ამ დროს ძალიან კარგად იცით პასუხი, რომ დროებით კონსტრუქცია არ არის მხოლოდ კარავი და სხვა ობიექტები, მათ შორის სცენაც შეიძლება იყოს დროებითი კონსტრუქცია. ყველა ეს არის დასაშვები. კანონმდებლობა უშვებს ამის განხორციელებას, მაგრამ ეს არ უნდა შეიცავდეს იმ რისკფაქტორებს, რომელიც კონკრეტულ მუხლთან არის დაკავშირებული. როდესაც დროებითი კონსტრუქციის შეზღუდვაზეა საუბარი, ეს არავითარ კავშირში არ არის მანიფესტაციის შეზღუდვასთან. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული თემაა. ზუსტად ამიტომ არის, რომ მანიფესტაციასთან დაკავშირებული საკითხი, სასამართლო კონტროლის მიხედვით შეზღუდულ ვადებში განიხილება, ხოლო დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟთან დაკავშირებით არის ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესი ადმინისტრაციული წარმოების კონტექსტში“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები