კობახიძე – ზურაბიშვილზე: ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც დაარღვია, თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გადადგება თანამდებობიდან?
“ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც დაარღვია. თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გადადგება თანამდებობიდან? არ გადადგება, რადგან პასუხისმგებელიც არ არის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს ან, სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ.
„შარშან ივლისამდე პრეზიდენტმა რამდენჯერმე ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, ანუ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. ჩავიდა, რეალურად, ჩაიჭრა, ვიზიტი განხორციელდა. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩავიდა, ესაუბრა, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვინმე საუბრობდა იმაზე, პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ან პასუხი უნდა მოეთხოვოსო? რატომ არ საუბრობდნენ? ეს არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, ეს მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობაა. მაგალითად, ახლა ხომ ვსაუბრობთ, რომ შეიძლება, მან კეთილშობილური მიზნით დაარღვიოს კონსტიტუცია, ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინოს. ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც დაარღვია. თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გადადგება თანამდებობიდან? ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი, გადადგება? რა თქმა უნდა, არ გადადგება, რადგან პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს, ან სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ. ამას ამბობს კონსტიტუცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.