“აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებენ” – რუსეთის საგარეო უწყება

“რუსეთმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა განიზრახეს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, ურთიერთქმედება ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში”,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 3 ოქტომბერს სოჭში გამართულ შეხვედრას აჯამებს.

„რუსეთს, ცხინვალს და აფხაზეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა საკითხის განხილვა გაიმართა, სამხედრო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების აქცენტით. აფხაზ და სამხრეთ ოსეთელ პარტნიორებთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას გაესვა ხაზი, რაც მიმდინარე ამოცანების ეფექტური გადაჭრის საშუალებას იძლევა”,- ნათქვამია განცხადებაში.

​აღინიშნა, რომ “მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი სამოკავშირეო ვალდებულებებისადმი ერთგულება მსოფლიოში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში“.

„სამმხრივ შეხვედრაზე მოხდა საგარეო პოლიტიკური საკითხების შედარება, მათ შორის ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების კოორდინაციაზე და უცხო ქვეყნებთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონტაქტების დამყარება”,- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

3 ოქტომბერს სოჭში რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის “აფხაზ და სამხრეთ ოსეთელ კოლეგებს შეხვდა”, ასევე დიპლომატმა გამართა მოლაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებთან.

დღეს, 4 ოქტომბერს ასლან ბჟანია ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები