“ჩვენ გავაგრძელებთ იმ ქვეყნების წრის გაფართოებას, რომლებიც აფხაზეთს აღიარებენ” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი გააგრძელებს იმ ქვეყნების რიცხვის გაფართოებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს.
ამის შესახებ მან სოჭში დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე თქვა.
„მინდა, დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა ყველა სფეროში აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მათ შორის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ენერგეტიკის განვითარებაში და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენს ურთიერთქმედებას“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, მოსკოვის ძალისხმევით გაგრძელდება მუშაობა სახელმწიფოებთან, რათა მათ “აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა”.
ლავროვმა ბჟანიას “აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” საერთაშორისო აღიარების 15 წლისთავი და გამარჯვებისა და “დამოუკიდებლობის” 30 წლისთავი” მიულოცა.