“სოხუმის აეროპორტიდან პირველი რეისი 2024 წლის ბოლოს შესრულდება” – შამბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტიდან პირველი ავიარეისი მომავალი წლის ბოლოს შესრულდება, რადგან რეკონსტრუქციის ტენდერში გამარჯვებულმა რუსულმა კომპანიამ, სწორედ ასეთი ვადები განსაზღვრა.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან ინტერვიუში თქვა.
“იყო ტენდერი, გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ, რომელიც ჩაერთვება აეროპორტის აღდგენაში. პირველი რეისი 2024 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი არ ელოდება, რომ ICAO-სგან ფრენების განხორციელების საერთაშორისო კოდს მიიღებს, თუმცა, პირველ ეტაპზე “რუსული ფრენებიც საკმარისია”.
„ICAO საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც იმყოფება დასავლური ძალების გავლენის ქვეშ და იმის იმედი, რომ უახლოეს მომავალში ის შეძლებს ჩვენი აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მიცემას, ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ფრენებს რუსული ავიახაზები განახორციელებენ და ამ ეტაპზე ეს სავსებით საკმარისია”, – თქვა შამბამ.