“რუსეთი არასოდეს გაცვლის აფხაზეთს მესამე მხარესთან ურთიერთობაზე” – ალექსეი კონდრატიევი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი, ალექსეი კონდრატიევი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ომი გარდაუვალი იყო, რადგან 1991-1994 წლებში სსრკ-ს მხრიდან ცენტრალური ხელისუფლების ანარქიის დრო დადგა და ზვიად გამსახურდიას “რეჟიმის მიერ საკუთარი დიქტატურის დამყარების მცდელობები იყო”.
მისი თქმით, შეიქმნა სოციალური კოლაფსი და ამ მძიმე ვითარებაში “აფხაზეთის ხელისუფლებამ და ხალხმა თვითორგანიზება გამოიჩინა”.
„როდესაც „აფხაზს“ ვამბობთ, გვესმის, რომ ეს არის კულტურული კოდით, ფესვებით, სულიერი მდგომარეობით რუსულთან ახლოს მყოფი ადამიანი. ასევეა რუსებიც – ადამიანები, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ რუსეთის არსებობა აფხაზეთის გარეშე, რომელიც, როგორც და, იყო და იქნება რუსეთთან. სისხლით, სულით ერთი და იგივეა – რუსეთი და აფხაზეთი”, – მიიჩნევს კონდრატიევი.
კითხვაზე, რატომ ეხმარება რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს, რა არის მისი ინტერესი? კონდრატიევი ამბობს, რომ „ჩვენ ვართ ერთი ხალხი, რომელმაც გრძელი, ერთიანი გზა გავიარეთ. 2008 წელმა აფხაზეთის დაცვის მზადყოფნა აჩვენა. რუსეთი არასოდეს გაცვლის აფხაზეთთან ურთიერთობას მესამე მხარესთან ურთიერთობაზე. რუსეთი არ გაყიდის აფხაზეთს, არ შებრუნდება. ეს შეუძლებელია“.