“რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში” – პუტინმა ბჟანიას ე.წ.დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გამარჯვება და ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მისალოც წერილში ნათქვამია, რომ “აფხაზმა ხალხმა 30 წლის წინ მტკიცე ბრძოლაში დაიცვა თავისუფალი, მშვიდობიანი ცხოვრების ლეგიტიმური უფლება”.
მან ხაზი გაუსვა, რომ “ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით” და გამოთქვა რწმენა, რომ ყველა სფეროში კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების შემდგომი განმტკიცება საერთო ინტერესებს შეესაბამება.
„მინდა, დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის მთავრობისა და ხალხის ყველა შესაძლო დახმარების გაწევას მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – ნათქვამია მილოცვაში.
30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღნიშნავს.
დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები.