მთიანი ყარაბაღი, როგორც რესპუბლიკა, არსებობას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს.
შესაბამისი განკარგულება არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა.
„ყარაბაღის ხალხის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან გამომდინარე, მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93-ე მუხლის გათვალისწინებით მიღებულია გადაწყვეტილება: 2024 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდეს ყველა სახელმწიფო უწყების და ორგანიზაციის დათხოვნა და მთიანი ყარაბაღის (არწახის) რესპუბლიკა წყვეტს არსებობას“, – ნათქვამია განკარგულებაში.
მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის, მის საზღვრებს გარეთ მყოფებს, რეინტეგრაციის პირობების გაცნობას სთავაზობენ, რომლებსაც აზერბაიჯანი წარადგენს, რათა მომავალში დამოუკიდებლად გადაწყვიტონ რეგიონში დარჩენის შესაძლებლობა.
დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.