გიორგი ცუცქირიძე – “ერთგვარი სამართლებრივი ჩიხი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან შეიქმნა, რატომღაც, ტოვებს განცდას, რომ პროცესების განვითარება სხვა მიმართულებით იყო ჩაფიქრებული”

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ერთგვარი სამართლებრივი ჩიხი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან შეიქმნა, რატომღაც, ტოვებს განცდას, რომ პროცესების განვითარება ცოტა სხვა მიმართულებით იყო ჩაფიქრებული. დღეს სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუ რა შეიძლება, ყოფილიყო ოპოზიციის და პრეზიდენტის მხრიდან ასეთი დემარშის მიზანი.

ვფიქრობ, მთავარი მიზანი და გათვლა სებ-ის და წამყვანი კომბანკების დაპირისპირების ინსცენირება იყო. ერთი მხრივ, სებ-ის 3 წევრის ერთდროული გადადგომა და ეროვნული ბანკის მმართველობითი რგოლის პარალიზება, როდესაც 2 ახალი წევრის კანდიდატურა ჯერ კიდევ არ იყო გატანილი დასამტკიცებლად და მეორე, თურნავას ბრძანებაზე ცალკეული ბანკების მყისიერი რეაქცია, რომ ისინი ყველა ვარიანტში შეუერთდებოდენ ამ სანქციებს, არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი და მაღალი რისკების მატარებელი იყო.

ამ საბოტაჟის და შიდა საბანკო დაპირისპირების შედეგად მოხდებოდა საფინანსო სექტორის რყევა, რისი მაგალითიც ჩვენ ნაწილობრივ ვიხილეთ ლარის მყისიერი გაუფასურების სახით, რაც სებ-ს საბოლოოდ 57 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ეს პროცესი, რომ გაგრძელებულიყო და იუსტიციის სამინისტროს დროული გადაწყვეტილება არ მიეღო, სიტუაცია გადავიდოდა მზარდ აჟიოტაჟში და პანიკაში, რაც ლარის მკვეთრ რყევას გამოიწვევდა, ხოლო მის შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვების სერიოზულ შემცირებად დაუჯდებოდა. უკიდურეს შემთხვევაში ბანკებიდან ანაბრების გატანაც შეიძლება გვეხილა, რაც დეპოზიტების გაქცევის სახელითაც არის ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო წლების ამ მუდმივ რყევებში, განსაკუთრებით კი 2020 წლიდან მოყოლებული, მმართველი ძალაც გამოიწრთნო და მინი კრიზისებზეც ადეკვატურად რეაგირებს!

ამიტომ, ახლა ცოტა ძნელი საპროგნოზოა, მოყვებოდა, თუ არა ამას სერიოზული საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ეს იქნებოდა სერიოზული დატესტვა უკვე დეკემბრისათვის, როდესაც დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის საკითხი გახდებოდა აქტუალური. მართალია, ამ ეტაპზე კრიზისი განმუხტულია, რასაც ლარის კურსის დასტაბილურებაც ადასტურებს, თუმცა პროცესი გრძელდება, რაზეც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საკუთარივე პირველი ჩვენების უარყოფა და მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურული ნაწილის გაჭიანურებაც მიანიშნებს. არადა მიქალაქეობის ჩამორთმევაზე იუსტიციის სამინისტროს დასტურის შემთხვევაში ყველა პრობლემა მოიხსნება, და სავალუტო ფონდთან ზაფხულში დროებით შეჩერებული თანამშრომლობაც შედარებით უმტკივნეულოდ აღდგებოდა და არც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი დადგება რისკის ქვეშ!

ბუნებრივია, თუ მოვლენების განვითარება ამ გზით წავიდოდა, თუნდაც პერმანენტული მცირერიცხოვანი პროტესტით, ხელისუფლების რეპუტაცია მაინც შეირყეოდა, ოპომედიის 24- საათიანი რეპორტაჟების ფონზე, რაც უკვე დეკემბერში დასავლეთის ცალკეულ ქვეყნებს შედარებით გაუადვილებდათ სტატუსზე უარის თქმას. ამ სცენარში თავისუფლად ჯდება კანდიდატის სტატუსის გადავადება, ცნობილი 12 პირობის დათქმით. პოლიტიკური მარკეტინგის ამ სტრატეგიაში, რადიკალური ოპოზიცია გახსნიდა რა წინასაარჩევნო კამპანიას, 2024 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურის ეტაპობრივი გაზრდით, ხელისუფლების მუდმივი დემონიზაციით მთავარ დარტყმას ხელისუფლებას უკვე ოქტომბერში არჩევნებზე მიაყენებდა.

ვფიქრობ, დასავლეთი დღეს გაცილებით რთული გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგას, ვიდრე თავად „ქართული ოცნება“ და ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. როგორც ჩანს ბრიუსელში მაინც თვლიან, რომ სტატუსის მონიჭება „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტ ქულებს დააწერინებს, ვიდრე ოპოზიციას, რომელსაც ამ 12 პუნქტის შესასრულებლად ბევრი არც არაფერი გაუკეთებია და ვერც თავის თავზე დაიწერს ქულებს, უფრო პირიქით არის, ყველაფერს აკეთებდენ ამ სტატუსის არ მოსანიჭებლად.

თავის მხრივ, სტატუსის მონიჭება არ მხოლოდ ქულებს ჩაუწერს “ოცნებას ” აქტივში, არამედ 2024 წლის არჩევნებსაც უპრობლემოდ მოაგებინებს და ხელისუფლებაშიც დარჩება სულ მცირე 2028 წლამდე, რაც ვფიქრობ, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ნაწილის ინტერესებში ნაკლებად შედის. და თუ რატომ, ამასაც თავის ახსნა აქვს, არსებული რეალობის არასწორი შეფასების თუ ილუზიების გამო, რომ ქართულ ე.წ პროდასავლურ ოპოზიციასთან ურთიერთობა უფრო კომფორტული იქნება, ხოლო ხელისუფლების ცვალებადობა გააძლიერებდა დემოკრატიას ზოგადად.

არავინ უარყოფს, რომ ხელისუფლების ცვალებადობა არის კარგი, მაგრამ ეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი უნდა იყოს და არა ხელოვნურად ინსცენირებული! ამასთან, მათი გადმოსახედიდან ოპოზიციას და მათ ფავორიტ არასამთავრობოებს აქვს იმ დონის მხარდაჭერა, რაც კოალიციური მმართველობის საწინდარი უნდა გახდეს. პირობითად ეს დემოკრატიის წინსვლადაც გაფორმდებოდა, უფრო მოლდოვის ვარიანტში!

დასავლეთის დილემაც ამაშია, სტატუსის არმონიჭებისას თუ ღიად გამოჩნდება ამ გადაწყვეტილების სუბიექტური ხასიათი, რისი დიდი შანსიც არის, არა თუ მაიდანზე ფიქრი, არამედ არჩევნებშიც ოპოზიცია კიდევ უფრო დიდი დამარცხებისთვის იქნება განწირული, გაზრდილი ევროსკეპტიციზმის ფონზე, რადგან მთავარი ფაქტორი ხელისუფლების ჩანაცვლების მისი რეალური ალტერნატივა უნდა იყოს და არა მისი სუროგაცია!

ამიტომაც, ვფიქრობ, რაც სებ-ის ირგვლივ განვითარდა, გარედან იყო გარკვეულწილად

ორკესტრირებული და ხელისუფლების დასუსტებას და მომავალ არჩევნებში მოგების შანსების მკვეთრ შემცირებას ემსახურება, ისევე როგორც მარტის აქციები და ხელისუფლების პრორუსულობაზე მუდვივად აპელირება. კიევის მაიდანიც არ ყოფილა რამდენიმე დღიანი, 4 თვემდეც კი გაგრძელდა პერმანენტული რყევების და გამოსვლების ფონზე!

გადალახავს, თუ არა დასავლეთი თავისავე დილემას ესეც სულ მალე გამოჩნდება, ქვეყანა კი ამ სტატუსის არმოცემის შემთხვევაშიც არ დაიქცევა და ვერც ხელისუფლების აყირავება მოხდება, თუ გავითვალისწინებთ კრეატივისაგან დაცლილი, ასოციალურ პლატფორმაზე მდგარი, ქართული ოპოზიციის რადიკალური ნაწილის შეუქცევად მარგინალიზაციას და ჩინეთის მზარდ ინტერესს რეგიონში ინვესტიციების ჩასადებად!

დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის გამთლიანება სტაბილურ განვითარებაზე გადის და არა გადატრიალებებზე და დესტაბილიზაციაზე, რამაც თავის დროზე დაგვაკარგვინა აფხაზეთი!”- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები