უკრაინის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკო შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო თავის შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ანდრეი ნიკოლაევიჩ შევჩენკო დაინიშნოს უკრაინის პრეზიდენტის (შტატგარეშე) მრჩევლად“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
ანდრეი შევჩენკო ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელია, რომელიც კიევის „დინამოში“ თამაშობდა და უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი ბომბარდირი გახდა.
გარდა ამისა, შევჩენკო იტალიურ „მილანშიც“ თამაშობდა, სადაც გუნდის ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდა. მილანთან ერთად მან მრავალი ტიტული, მათ შორის 2003 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი კარიერა ინგლისურ „ჩელსიში“ გაგრძელდა, თუმცა ტრავმებისა და ადაპტაციის სირთულეების გამო, იქ მისი კარიერა ნაკლებად წარმატებული გამოდგა.