ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ” კანონპროექტთა პაკეტი განიხილა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ 17 საკითხთან ერთად განიხილეს.

პარლამემტისინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია კომპლექსური სფეროა, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. ევროკავშირმა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფერო მოაწესრიგა შესაბამისი დირექტივების საშუალებით და საქართველომაც აიღო ვალდებულება ამ დირექტივების განხორციელების შესახებ, რომელიც ხარისხთან და უფლებრივ დაცვასთან დაკავშირებით მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს აზუსტებს”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

კანონპროექტის მიღებით საქართველო შეასრულებს ადამიანის ორგანოების გადანერგვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იქმნება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო დადგინდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ხარისხის სისტემისა და მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირების მარეგულირებელი ნორმები. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ეთიკური ასპექტების გამართვას და დონაციის პრაქტიკას, რომელიც ეყრდნობა უანგარობის პრინციპს და დონორებისა და რეციპიენტების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ევროდირექტივების შესაბამისად და ჩამოყალიბდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის მონაცემთა ერთიანი ეროვნული რეესტრი. დირექტივების ნორმები აღნიშნული კანონპროექტის გარდა, აისახება გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა და დარგის მოწვეულმა სპეციალისტებმა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რაც, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, კომიტეტის დასკვნაში აისახება.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტი არეგულირებს სფეროს, რომელიც კომპლექსური და მნიშვნელოვანია. კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რაც საჭიროებს მუშაობის შემდგომ გაგრძელებას დარგობრივ კომიტეტებში დარგის სპეციალისტების ჩართულობით, მათი მოსაზრებების და ინტერესების მაქსიმალურად გაზიარებით. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

„ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, საქართველომ აიღო ვალდებულება სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის სტანდარტებით განახორციელოს იმპლემენტაცია მათ შორის, ტრანსპორტის მიმართულებით. ასოცირების შეთანხმებით, მოცემულია კონკრეტული სამართლებრივი ინსტრუმენტები შესაბამისი ვადების მითითებით, რომლებიც უნდა დაინერგოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო, სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მომხსენებელმა საზღვაო სფეროზე საუბრისას აღნიშნა, გათვალისწინებულია ევროკავშირის 22 დირექტივისა და რეგულაციის იმპლემენტაცია, რომელთაგან 20 უკვე დანერგილია. გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების დანერგვა უკავშირდება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირებას და რკინიგზის რესტრუქტურიზაციას. იგი მიმართულია ევროპის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად დარგის ლიბერალიზაციის მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრების და რკინიგზის, როგორს ინდუსტრიის ეფექტიანობის ამაღლებისკენ.

„საერთო ჯამში სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით, ასოცირების შეთანხმება ადგენს 8 დირექტივას და რეგულაციას, რომელთაგანაც დღეის მდგომარეობით დანერგილია ევროკავშირის 2 სამართლებრივი აქტი, ნაწილობრივ დაახლოებულია 3 სამართლებრივი აქტი და 2 მომზადების პროცესშია”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტები უკავშირდება ავტომობილების უსაფრთხოების მდგომარეობას, სატვირთო გადაზიდვების და მგზავრთა გადაყვანის სერვისს, მძღოლთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად შრომის პირობების გაუმჯობესებას, რაც სრულად ან ნაწილობრივ ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში, დადგენილი ვადების შესაბამისად.

„ყველა ღონისძიება, რომლის შესახებ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, შესაბამისობაშია და გამომდინარეობს საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლის ეროვნული სტრატეგიიდან, რომელიც გასულ წელს დამტკიცებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და რომელიც აღიარებულია ევროკომისიის მიერ როგორც ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკის ჩარჩოს განმსაზღვრელად”, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები