შოვში არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა – გია ვოლსკი
“არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა, ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი თემა”, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვას, რომლის თანახმად, საქმის მასალებში მითითებულია, რომ შსს-მ შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილება მიღებული შეტყობინებებიდან 50 წუთის შემდეგ მიიღო.
„ცდილობენ დეზინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, რომ ვერტმფრენის დროულად არჩასვლის გამო ადამიანი დაზარალდა, ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ეს არ დასტურდება. ეს ყველამ კარგად იცის და მოიგონეს ახალი თემა, რომ გაფრენა დააგვიანეს. იყო ამინდის პრობლემები და გამონაკლისი არ არის ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება, რაც იმ პერიოდში აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო და მომავალშიც გასათვალისწინებელია.
არანაირი შეყოვნება არ ყოფილა, შეგროვდა ტვირთი, შეგროვდა გუნდი და ვერტმფრენი აფრინდა და საკმაოდ სერიოზული სამუშაოც ჩაატარა მაშველთა გუნდმა. ვერტმფრენების მისვლამდე იქ, რა საკვირველია, მაშველები იმყოფებოდნენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.