არჩილ თალაკვაძე – გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე: საქართველოს ინტერესებს და მომავალს ეწინააღმდეგება
“გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას.
თალაკვაძის თქმით, სანიკიძის კომენტარის სერიოზული განხილვა მისი მხრიდან მართებული არ იქნება.
„ჩემი მხრიდან ამ კომენტარის სერიოზული განხილვა ალბათ მართებული არ იქნება. ეს განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ომით ტერიტორიული საკითხები გადაწყვეტა საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს და არც ჩვენი პარტნიორები არ უჭერენ მხარს. ჩვენ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, დანგრეული ხიდების აღდგენით, რომელიც გვაკავშირებდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებას. ომით ეს შეუძლებელია. ომი ამ ყველაფერს უფრო გააღრმავებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსადმი მტრული ძალების ინტერესებში შედის. ეს განცხადება საქართველოს ინტერესებს და მომავალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა – “მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან”.