“რა უნდათ პოლიტიკაში ადამიანებს, რომლებსაც არც კომპეტენცია და არც პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვთ?“
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომ „ხელისუფლების ამოცანა არა ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსება, არამედ საქართველოს რუსული ბაზებისგან გათავისუფლება უნდა ყოფილიყო“, ექსპერტი თავდაცვის საკითხებში გიორგი თავდგირიძე ეხმაურება. თავდგირიძე ბურჯანაძის მოსაზრებას არაკომპეტენტურსა და უსაფუძვლოს უწოდებს.
“რა უნდათ პოლიტიკაში ადამიანებს, რომლებსაც არც ხედვა აქვთ, არც კომპეტენცია და არც პასუხისმგებლობის გრძნობა? მხოლოდ აგიტატორები და პროპაგანდისტები მსჯელობენ მოვლენებზე თეთრ ან შავ ფერებში, არ შეუძლიათ ლოგიკურად დაასაბუთონ პოზიცია და მხოლოდ კლიშეებით გადიან ფონს. სასწავლო ცენტრი არ ნიშნავს სამხედრო ბაზას, ოკუპირებული ტერიტორია არ არის კონფლიქტი, საოკუპაციო ჯარები სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზა (რა უწყინრად ჟღერს) და ა.შ. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც რუსეთთან პრინციპულ ( ბურჯანაძესთვის ეს გაუგებარია) და გონივრულ ( ნაციონალების პროპაგანდას აქ “ბნედვა” ემართება ) პოლიტიკის გატარებას ეფუძნება. შექმნილ ვითარებაში მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებაც შეგვიძლია და მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური დივიდენდების ( ტერიტორიების დაბრუნების ჩათვლით) მიღებაც. ამიტომ არ მჯერა კასანდრებისა და აპოკალიფსური მომავლის ტრუბადურების. არშემდგარი და წარუმატებელი პოლიტიკოსების ხვედრია სხვის წარუმატებლობის იმედად ყოფნა“,- წერს გიორგი თავდგირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.