“ეს არ არის მხოლოდ პუტინის ომი, მისი წასვლის შემდეგ რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვერ გახდება” – ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან წასვლას რუსეთს ნორმალურ, მშვიდობისმოყვარე დემოკრატიად აქცევს.

ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში თქვა.

“ვფიქრობ, ბევრმა შეიძლება, ჯერ ვერ გააცნობიერა, რომ ეს არის მხოლოდ პუტინის ომი. როგორც ჩანს, რუსული მანქანა, ამისთვის ძალიან დიდი ხანია ემზადებოდა”, – განაცხადა ვალტონენმა.

მან გაიხსენა 2008 წელს რუსეთის შემოჭრა საქართველოში, ასევე, 2014 წელს ყირიმის ანექსია.

“რა თქმა უნდა, ამ დროს ხელისუფლებაში პუტინი იყო, მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ის ამის გარშემო ინფრასტრუქტურას აშენებდა. და შეიძლება, ორი ათეული წელი დასჭირდეს ვინმეს რუსეთში, რომ უთხრას, რომ ეს არ არის ნორმალური. ასე რომ, თუ პუტინი დატოვებს თანამდებობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მშვიდობიანი, ნორმალური დემოკრატია გახდეს“, – დასძინა მან.

მინისტრის თქმით, დასავლეთში დიდი სურვილია, რომ რუსეთი გაიხსნას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და გახდეს ნორმალური დემოკრატია.

„მაგრამ სანამ ამის იმედი გვაქვს, ჩვენ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ და ყველაზე ცუდი ის არის, რომ რუსეთი დარჩება ისეთი, როგორიც არის და შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო უარესი გახდეს“, – თქვა ვალტონენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები