“არწახი”, “შემოგვიერთდით!” – ერევანში აქცია განახლდა, დაკავებულია დეპუტატი და მეორე პრეზიდენტის შვილი – ლევონ ქოჩარიანი

ერევანში დილიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები განახლდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში გადაკეტილია ქუჩები, მოძრაობა პარალიზებულია.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მოქალაქეების ქმედება „უკანონოა“ და მოუწოდებენ მათ ქუჩების გათავისუფლებისკენ, რადგან ეს ქმედება „არღვევს სხვა ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლებას“.

რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

19 სექტემბერს ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, საპროტესტო აქციებს ერევნის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ, ისინი მძღოლებს მოუწოდებენ -,დატოვონ მანქანები და მათ შეუერთდნენ. ქუჩაში გასული ამბობენ, რომ დღეს არწახში გენოციდია და სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “არწახი”, “შემოგვიერთდით!”

ამის პარალელურად, პოლიცია აქციის ორგანიზატორებს აკავებს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატი, ARF-ის წევრი – თადევოს ავეტისიანი დააკავეს.

ასევე, ისევ დაკავებულია სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის ვაჟი – ლევონ ქოჩარიანი, თუმცა, ამჯერად – ერთი თვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები