ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
პროექტ “მწვანე არდადეგების” ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია: „ნუ დატოვებ ნარჩენებს” გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში დაბინძურებული ტერიტორია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, კომპანია „რედბულის”, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა პლასტიკური ბოთლებისგან, პოლიეთილენის პარკებისაგან და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი მკაცრდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ნარჩენების მართვის შესახებ მალე მთავრობას და პარლამენტს წარედგინება. სამინისტრო ეხმაურება პრემიერის ინიციატივას და მოუწოდებს მოსახლეობას – „ნუ დატოვებთ ნარჩენებს, იზრუნეთ გარემოზე”.