“ლარის “კუპონიზაციაზე” საუბრობენ, რაც აბსოლუტურად არასწორი შეხედულებაა. ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. ყველა საერთაშორისო შეფასებით, ეკონომიკა, ყველა მაკრო პარამეტრი, საბანკო სისტემა მდგრადია, საბანკო სექტორის კაპიტალი დაცულია.
ლაპარაკი, რომ დეპოზიტების გატანა დაიწყება და ეს შეუქცევად პროცესს გამოიწვევს, სპეკულაციურია”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძე ბოლო დღეებში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურება აჟიოტაჟურმა მოვლენებმა გამოიწვია.
“ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ორი საკითხი დგას: როგორ აისახება ეს ყველაფერი ლარის გაცვლით კურსზე – ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი ამ დღეებში, გარკვეულწილად, გაუფასურდა და მეორე საკითხია ის, თუ რამდენად დააზიანებს ეს პროცესი თავად საბანკო სექტორს.
დავიწყებ იმ ნაწილით, რომელიც ამ მოვლენების შინაარსს ეხება. ეს დაკავშირებული იყო საერთაშორისო სანქციებთან, ამ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებასთან. ბუნებრივია, ეს ოპოზიციამ გამოიყენა. მთავარი თემაა ის, თუ რამ შექმნა აჟიოტაჟი. ლარის გაუფასურების ერთერთი ფაქტორი აჟიოტაჟური მოვლენებია ხოლმე, როცა გარკვეული გაურკვევლობა იქმნება. ნეგატიური განწყობის შედეგად, ლარის გაუფასურება ხდება ხოლმე. ეს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარეა, მათ შორის, ადამიანებმა შესაძლოა, ჩათვალონ, რომ ლარი უცხოურ ვალუტაში გადაყვანა ჯობს. ამ მოლოდინების შედეგად, აშშ დოლარზე ხელოვნური მოთხოვნა წარმოიქმნება, რაც ლარის გაუფასურებას იწვევს. ამას ბოლო დღეებში ვხედავთ. ფაქტობრივად, ამ ყველაფერს შეიძლება, პანიკური ეფექტი დავარქვათ. ზოგადად, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი: უნდა აღვნიშნო, რომ არა იმდენად ქალბატონ ნათია თურნავას ბრძანებამ, არამედ პროცესებმა, რომელიც შემდეგ განვითარდა. ვნახეთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე. პირველი ეს იყო განცხადება, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ფრთამ გააკეთა. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ რომან გოცირიძეს, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტი მოითხოვა. ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, რომელიც ამ განწყობებსა და მოლოდინებზე პირდაპირ ზემოქმედებს. ამას მოჰყვა ბატონი ხაზარაძის განცხადება, რომელიც ასევე ყოფილი ბანკირი და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი. თავმჯდომარეა. ის საზოგადოებას აქციებისკენ მოუწოდებდა. მესამე – ყოფილი სახალხო დამცველის განცხადებები, რომ სასწრაფოდ უნდა გაუქმებულიყო ბრძანება. არავის აქვს უფლება პირდაპირ მიუთითოს სებ- ის პრეზიდენტს, რომელიც მთლიანად ავტონომიური ინსტიტუტია, რამე შეცვალოს. სხვა განცხადებებიც იყო, რომელიც პარლამენტში გადავიდა. ბოლო 2 დღეში ვნახეთ დებოშები, პერფორმანსი, ცალკეული აურზაური. ეს ყველაფერი ქმნის ზუსტად იმ ნეგატიურ ველს, პანიკურ განწყობებს, რომელიც სავალუტო კურსზე აისახება. ეს იყო მთავარი ფაქტორი და ნაკლებად ის ბრძანება, რამდენად წინააღმდეგობრივიც არ უნდა ყოფილიყო, ზოგიერთის შეფასებით. ჩემი შეფასებით, იმ ბრძანებაში არაფერი ყოფილა ან არასამართლებრივი, ან არასწორი. არც წინააღმდეგობაში მოსულა იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომელიც საქართველოს აქვს აღებული, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ პროცესს ხელი სხვა ფაქტორებმაც შეუწყო .მაგალითად, სებ-ის საბჭოს წევრების მიერ თანამდებობების დატოვებამ, რაც გაურკვევლობის დიდ მოლოდინს ქმნის. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ლარის კურსზე აისახა.
ადამიანები თითქოსდა გამოვიდნენ საბანკო სისტემის დამცველებად და ამ დროს, პირიქით გამოვიდა – სწორედ მათი ქმედებების შედეგად მოხდა ყველაფერი, რასაც ვხედავთ, მათ შორის ლარის კურსის რყევა. ახლა საუბარი იმაზე დაიწყო, რომ ამას აშშ-სთან, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება მოჰყვება.
ლარის “კუპონიზაციაზე” საუბრობენ, რაც აბსოლუტურად არასწორი შეხედულებაა. ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. ყველა საერთაშორისო შეფასებით ეკონომიკა, ყველა მაკრო პარამეტრი, საბანკო სისტემა მდგრადია, საბანკო სექტორის კაპიტალი დაცულია.
ლაპარაკი, რომ დეპოზიტების გატანა დაიწყება და ეს შეუქცევად პროცესს გამოიწვევს, სპეკულაციურია.
ეროვნულ ბანკს კარის კურსის რყევის შესაჩერებლად ბევრი ბერკეტი აქვს, პირველ ყოვლისა, თავისუფლად შეუძლიათ, ინტერვენციები განახორციელონ. საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა.
ჩემი შეფასებით, უკვე ორშაბათისთვის ლარი გარკვეულად დაუბრუნდება იმ წერტილს, საიდანაც რყევა დაიწყო. ვგულისხმობ 2.60 – 2.65 -ის ფარგლებს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ასევე სპეკულაციურია განცხადებები, რომლის თანახმადაც, განვითარებული პროცესები
საბანკო სექტორზე ნეგატიურად აისახება.
“ცალსახად მინდა, გითხრათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, საბანკო, ეყრდნობა ორგანულ კანონს (ესა ეროვნული ბანკის შესახებ), კონსტიტუციას და საერთაშორისო ვალდებულებებს. უფრო მეტსაც გეტყვით, საერთაშორისო ვალდებულებები კონსტიტუციითაა დაცული. აქედან გამომდინარე, ყველა ის თემა, რომელიც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ესაა საერთაშორისო სანქციების წინააღმდეგ წასვლა, რომ ეს ქვეყნის იზოლაციას, ქართული ბანკების დასანქცირებას გამოიწვევს, წმინდა სპეკულაციური და პოლიტიზებული იყო. პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობას წარმოადგენდა. ამ დროს პრობლემა არაფერი ყოფილა. მინდა, საბჭოს წევრების გადაწყვეტილებაზე პატარა კომენტარი გავაკეთო. შეეძლოთ, არ გადამდგარიყვნენ და თავიანთი პოზიცია გამოეხატათ, რაში არ ეთანხმებოდნენ, რაში ხედავდნენ რისკებს. განცხადება გააკეთა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ესაა არარეზიდენტი წევრი, აშშ-ის მოქალაქე, რობერტ სიგლეტარი. მისი განცხადებით, ის არც გადადგომას აპირებს და თავადაც მხარს უჭერს სასამართლო კონტროლის არსებობას სანქციების შესახებ საერთაშორისო გადაწყვეტილებაზე, რაც გულისხმობს საკუთრების უფლების უკეთეს დაცულობას. ბუნებრივია, ამაში რეალურად სამართლებრივ ფილტრზეა საუბარი, რასაც ევროპის არაერთი ქვეყანა იყენებს, სამოქალაქო სამართლის ან კონსტიტუციური ჩანაწერით, ადამიანის უფლებების ნაწილში, გერმანიის და საფრანგეთის ჩათვლით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, უწყების ცნობით, შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.
და ეს თემაც ამოიწურა, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოს კონსტიტუციით არანაირი ვალდებულება არ წარმოიქმნება და შესაბამისად, თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ოთარ ფარცხალაძე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მასზე სანქციებიც ავტომატურად გავრცელდება”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.