გიორგი ცუცქირიძე: სად ჩანს, რომ ქალბატონმა თურნავამ კანონი დაარღვია? – თუ რამე საბანკო სისტემას აზიანებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილის თანხლებით მიმდინარე აურზაურია

სად ჩანს, რომ ქალბატონმა თურნავამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ან კანონი დაარღვია? ან ვინ თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა თუ სასამართლო აღიარებს ბატონ ფარცხალაძეს დამნაშავედ? – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ რამე საბანკო რისკებს ზრდის და სისტემას აზიანებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილის თანხლებით მიმდინარე აურზაურია.

„ყოფილების დიდი დოღია ქვეყანაში. საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში გადამხტარი საზოგადოებრივი მოძრაობის „ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი  ნინო ლომჯარია მოუწოდებს ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას სასწრაფოდ გააუქმოს გუშინდელი „სამარცხვინო ბრძანება“, რადგან „ამერიკული სანქციების გვერდის ავლის გამო“ გაცილებით მძიმე შედეგები დადგება და თურმე ეს სანქციები უკვე შეეხებათ საბანკო სისტემას, ბიზნესს თუ რიგით მოქალაქეებს?! თუმცა, ყოფილ სახალხო დამცველს არც იმის შეხსენება აწყენდა, რომ  მტკიცებულებების გარეშე სანქციების დაწესების პრეცედენტის დაშვებით, ხვალ იგივე პრინციპით ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება შეიძლება, და თუ მძიმე შედეგებზეა საუბარი სწორედ, რომ მაშინ დადგება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ცოტა შორს მიდის და ნათია თურნავას იმპიჩმენტს ითხოვს, ასევე ყოფილი ბანკირი და ასევე პოლიტიკაში გადასული ბატონი ხაზარაძე საპროტესტო აქციებს აანონსებს საბანკო სისტემის გადასარჩენად…

სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ახლა ისიც პოლიტიკაში გადასული როცა მიანიშნებს, რომ საერთაშორისო სანქციები სასამართლოს გარეშე მხოლოდ ისეთ ქვეყნებში არ მოქმედებს, როგორებიც მალი, მოზამბიკი, სუდანი, იემენი და სირიაა, გიორგი ქადაგიძესაც უნდა შევახსენო, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიცია არ ხდება თუნდაც საერთაშორისო სანქციების ფარგლებში…

ამ დროს ოთხივემ წესით კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეროვნული ბანკის ორგანული კანონი ვერ დადგება ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა.

ან სად ჩანს, რომ ქალბატონმა თურნავამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ან კანონი დაარღვია? ან ვინ თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა თუ სასამართლო აღიარებს ბატონ ფარცხალაძეს დამნაშავედ? ან ნათია თურნავას განცხადება რატომ არ არის მისაღები, რომ სებ-ი არის მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ახალი რეგულაციის იმპლემენტაცია იმგვარად, რომ თანხვედრაში იყოს საბანკო სექტორთან და აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან? და ზოგადად ნებისმიერმა საკანონმდებლო ცვლილებამ ვისი კონსტიტუციის უფლება უნდა დაიცვას თუ არა თითოეული ჩვენგანის?

მთელი ეს აურზაური, რაც უკვე მეორე დღეა გრძელდება ახლა პარლამენტში გადავიდა და ოპოზიციის ნაცნობი დებოშის და ღრიალის ფონზე მიმდინარეობს.

თუ რამე საბანკო რისკებს ზრდის და სისტემას აზიანებს არის სწორედ ის, რასაც ეს ადამიანები ახლა აკეთებენ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის თანხლებით, აპროვოცირებენ რა ნეგატიურ მოლოდინებს.

სწორედ ამ ადამიანების ხელწერა იყო თავის დროზე კონსტიტუციის საკუთარ თავზე გადაწერა და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევების პრაქტიკის დამკვიდრება…

რაც შეეხება მესტვირიშვილის და ლეჟავას გადადგომას სებ-ის საბჭოდან, ამ ეტაპზე კრიზისს მხოლოდ აღრმავებს, თუმცა არა მგონია მთელ ამ აურზაურს ფინანსურ სექტორში სერიოზული რყევები მოჰყვეს, ყველა საერთაშორისო შეფასებით იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები ქვეყანაში მაკრო გარემო მდგრადია, ისევე როგორც საბანკო სექტორი“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები