თამარ სანიკიძემ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა

მასწავლებლის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო მიღებაზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი პროგრამის მონაწილეებსა და მათ საქმიანობაზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია რეგიონებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და იქ, სადაც მასწავლებლის დეფიციტია, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმება.
განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ რეგიონები, სადაც მოზარდები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. არსებული ვითარების პრევენციისა და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა ბოლო წლებში დაიხვეწა და სრულად მოერგო საჭიროებებს. განახლებული პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან: გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი – 2014 წლიდან პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს არა მხოლოდ მაღალმთიანი და შორეული რაიონების სკოლებს, არამედ ფარავს საქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლას, რომლებშიც კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტია. გაიზადა მასწავლებელთა ანაზღაურება – სკოლებში საათობრივი დატვირთვის მიხედვით მიღებულ ანაზღაურებას ემატება დანამატი, რომლის ოდენობა განისაზღვრა იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილიდან და შეადგენს 1000 ლარამდე სკოლის ხელფასზე დანამატის სახით. პედაგოგთა 50% შე¬საბამისი საგნის მასწავლებლობის სერტიფიკატს ფლობს, რაც ასევე სიახლეა, ვინაიდან, 2014 წლიდან შესარჩევ ეტაპზე უპირატესობა, სწორედ ასეთ კატეგორიას ენიჭება.
2013-2014 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართული იყო 146 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის საჯარო სკოლაში ერთი წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ. მათგან 114 სექტემბრიდან რჩება პროგრამაში. მასწავლებელთა ნაწილი აღარ აგრძელებს პროგრამაში მონაწილეობას მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მიზნით, რასაც ასევე, პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო გრანტის საფუძველზე, სამინისტრო უფინანსებს მონაწილეებს. პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ხორციელდება სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები