დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში თემატური მოკვლევის თაობაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ქვეყანაში ინოვაციებისათვის ხელსაყრელი და წამახალისებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისთვის საჭირო ცვლილებების იდენტიფიცირების მიზნით თემატური მოკვლევა დაიწყო – „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარება საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით”.

„ვფიქრობ საინტერესო თემატური მოკვლევა დავიწყეთ, რა გამოწვევები აქვს სტარტაპებს და რა ხელისშემწყობი მექანიზმები შეიძლება მოინახოს, რომელიც აქსელერაციას გაუკეთებს ამ პროცესს. ჩვენ შევადგინეთ კითხვები, რომელიც დაეგზავნა ამ თემის მონაწილე როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყებებს. ჩვენ ვუსმენთ ორივე სექტორს და აქედან მიღებულ ინფორმაციებს ვამუშავებთ, ვქმნით შესაბამის რეკომენდაციებს, რომლების შესრულებაც უწყებებისთვის სავალდებულოა. ასევე, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია გავიგოთ ამ პროცესს რა საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება და რა შეიძლება გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებაში გვაქვს დიდი სივრცე, რომელიც შეიძლება ძალიან კარგად გამოვიყენოთ და ამან ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკის ზრდაში დიდი წვლილი შეიტანოს. იმიტომ, რომ ბევრი ქვეყნის მაგალითები გვაქვს, სადაც სტარტაპები მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილია”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები იმ კითხვარებთან დაკავშირებით, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაეგზავნა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ისაუბრეს როგორ უნდა დაიხვეწოს საკანონმდებლო ჩარჩო იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს ინოვაციების განვითარებას. ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების თაობაზე სასაუბროდ კომიტეტი უახლოეს დღეებში საჯარო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები