ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სანქციათა რეჟიმების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასების საგანია, თუმცა სებ-ის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გარანტირებული აქვს უსაფრთხოება.
„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს მოქალაქეა სანქცირებული, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ ან საგამოძიებო უწყებამ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეზღუდოს ანგარიშებზე წვდომა. ყოველ შემთხვევაში სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი“, – აცხადებს ანგურიძე.
მისივე თქმით, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები კონსტიტუციითა დაცული, სებ-ის წინა გადაწყვეტილება მოდიოდა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში და ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილებები სწორედ ამის გამო შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.