მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს
აზერბაიჯანი ყარაბაღის რეგიონში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ატარებს, რომლის მიზანია სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ გაჯიევმა Politico-ს განუცხადა.
”ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ზომების მიზანია სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება”, – თქვა მან.
ამავდროულად, სომხეთში აცხადებენ, რომ სროლების ხმა სტეპანაკერტშიც ისმის. ასევე, სომხეთის სოციალური ქსელების სეგმენტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაქო იერიშებს ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართითაც.
გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში უპასუხეს და აღნიშნეს: „კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანული ქვედანაყოფების სამიზნე არ არის სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არამედ მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო ობიექტები, რაც კეთდება მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით“.
სომხეთში მთიანი ყარაბაღის ე.წ. წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიის გენერალ-პოლკოვნიკმა, გენშტაბის ხელმძღვანელმა, ქერიმ ველიევმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის გენშტაბის უფროსთან, გენერალ მეთინ გიურაკთან.
გენშტაბების ხელმძღვანელებმა ანტიტერორისტული ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ თურქეთი, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით არის.