„საქაერონავიგაცია“ ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელში ჩაერთო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელ NewPENS-ში ჩაერთო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, NewPENS (new pan-European network service) არის სატელეკომუნიკაციო ქსელი, რომელიც EUROCONTROL-ის მხარდაჭერით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის სერვისების რამდენიმე პროვაიდერის მიერ შეიქმნა.

NewPENS სააერონაოსნო ინფორმაციების გაცვლისთვის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებს, მიმწოდებლებსა (ANSP) და სხვა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებით (ATM) დაინტერესებულ მხარეებს შორის ქსელურ სერვისს უზრუნველყოფს. იგი მოიცავს ხმოვან და მონაცემთა კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ კავშირს ამ ქსელში გაერთიანებული წევრებისთვის. NewPENS-ში თითქმის ყველა ევროპული ქვეყანაა გაერთიანებული.

„აღნიშნულ ქსელში ჩართვით საქართველოს საშუალება ეძლევა, ევროპის ქვეყნებთან ინფორმაციის პირდაპირი მიმოცვლა განახორციელოს. აგრეთვე, აღნიშნული ქსელის საშუალებით უკვე შესაძლებელია, საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური შეტყობინებების მსოფლიო საავიაციო მეტეოროლოგიურ ბანკში (ROC) გავრცელება ციფრულ – IWXXM ფორმატით“, – განაცხადა „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

NewPENS-ში ინტეგრაციაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო და 2022 წლის იანვარში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქაერონავიგაციას“, ევროკონტროლსა და BT გლობალ სერვისს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები