“კონტრშეტევა არ არის ძალიან სწრაფი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რუსებს მოსვენება არ მივცეთ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ კონტრშეტევა ნელა მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რუს ოკუპანტებს მოსვენება არ მიეცეთ. ამის შესახებ მან CBS-ზე გადაცემა “60 წუთი”-ს ეთერში თქვა.
“რთული ვითარებაა. სრულიად გულწრფელი ვიქნები. ჩვენ გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და დავიწყეთ კონტრშეტევა და, მიუხედავად ამისა, ეს არ არის ძალიან სწრაფი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე წინ წავიწიოთ და გავათავისუფლოთ ტერიტორია – თუნდაც ეს იყოს ნახევარ მილზე ნაკლები ან ასი იარდი, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება”, – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლურ იარაღს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებენ.
„თქვენ იცით, რომ ვიყენებთ ჩვენი პარტნიორების იარაღს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და ეს სიმართლეა, მაგრამ ეს არ არის სადამსჯელო მისიები, მაგალითად, ისინი არ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ სადაც უნდა იყოს, რა ადგილებსაც უნდა იყენებდეს უკრაინაში რაკეტების გასაშვებად, უკრაინას აქვს სრული მორალური უფლება, შეუტიოს ამ ადგილებს, ჩვენ მათ ვპასუხობთ: „თქვენი ცა არც ისე კარგად არის დაცული, როგორც გგონიათ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კრემლის ლიდერი ცდილობს უკრაინელების გატეხვას, ამიტომ, რუსული არმია ურტყამს არასამხედრო ობიექტებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.
“ჩვენი გატეხვა უნდათ და, სამოქალაქო სამიზნეების არჩევით, პუტინს ზუსტად ამის მიღწევა სურდა. ამ კაცის ნდობა, რომელმაც გზა ასეთი სისხლიანი ქმედებებით გაიკვალა, არ შეიძლება. ასეთი ადამიანის ნდობა არ არსებობს იმიტომ, რომ ის დიდი ხანია, ადამიანი აღარ არის”, – განმარტა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები