აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში მომავალ ხუთშაბათს, 21 სექტემბერს გაიმართება.
სალივანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ შეხვდება.
„ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც რუსეთი უიმედოდ ეძებს დახმარებას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, უკრაინაში მისი სასტიკი ომისთვის, უკრაინის ჯარები აწარმოებენ კონტრშეტევას“, – აღნიშნა მან.
თეთრი სახლის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რეგულარული შეხვედრა, რომელიც ცნობილია „რამშტეინის“ ფორმატის სახელით, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.